თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში დილიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მეფე ერეკლე მეორეს სასახლის წინ უკვე დაწყებულია სცენის კონსტრუქციის აწყობა.
თელავში დღეს სავარაუდოდ ასევე ჩავლენ ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრებიც.
„პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრები სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჩამოვლენ და საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, როგორ უნდა იყოს სცენაზე განლაგება და როგორი სახე ექნება ამ ტერიტორიას“,- განუცხადა პირველ არხს თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.
პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიღება წინანდალშია დაგეგმილი.