თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ბატონის ციხის შიდა პერიმეტრზე სასახლის ეზოს და კარის ეკლესიის ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ამბობს, რომ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ დაიწყება გრაფიკებსა და ესკიზებზე მუშაობა. მისივე თქმით, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ისტორიული გარემო, ბუნება და ქართული ელემენტები.

„პირველი გადაწყვეტილება მიიღება სცენის აწყობაზე და დაიწყება აზომვითი სამუშაოები ტრიბუნების განლაგების მიზნით. გვინდა, რომ ეს იყოს სტილისტურად გარემოზე ორგანულად მორგებული“, – აცხადებს თამარ ფოცხიშვილი.

რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ჰიმნის გარდა, აუცილებლად უნდა შესრულდეს კახური მრავალჟამიერიც.

„პრეზიდენტის ინაუგურაცია სხვა ინაუგურაციებისგან განსხვავებული იქნება თავისი სისადავით და ზომიერებით. არ იქნება პომპეზური. პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება მაშინვე, როგორც კი ესკიზი და დეკორაცია იქნება შეთანხმებული“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

ერეკლე ბატონის ციხე-გალავანი თელავში სამ ჰექტარ ფართობს მოიცავს. აქედან ნახევარზე სხვადასხვა ნაგებობებია განთავსებული.

პრემიერის მიერ პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიალი ერეკლე მეორის ახლად რეაბილიტირებული სასახლისა და კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.