თელავში „ნადიკვარის პარკის" რეაბილიტაცია იწყება
თელავში „ნადიკვარის პარკის" რეაბილიტაცია იწყება

თელავში, „ნადიკვარის პარკში” მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება, – ამის შესახებ პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უკვე დასრულებულია. როგორც შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის სცენის რეაბილიტაცია. ასევე სცენის მიმდებარედ გასახდელების, ე.წ.ბესედკებისა და გადასახედი ვერანდების მოწყობა.

„პარკში იგეგემება ტერასების მოწესრიგება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღია თეატრის სცენას, ბავშვთა ატრაქციონებს დაემატება კიდევ ერთი ახალი ატრაქციონი. 2012 წელს, როცა ,,ნადიკვრის პარკის” რეაბილიტაცია განხორციელდა, გაიჭრა მიწის დიდი მასა, გორაკზე გაკეთდა ხიდი, თუმცა მშობლები ხშირად აპროტესტებენ, რომ გორაკი საფრთხეს უქმნის პატარებს და მათი აზრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ისევ ამოივსოს მიწით. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერსაც და დავიწყებთ სამუშაოებს“, – განუცხადა პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა.

შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 394 ათასი ლარამდე დაიხარჯება. „ნადიკვარის პარკის“ სეზონის გახსნა ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1-ელი ივნისისთვის იგეგმება.