თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე გამოჩენილ სოლისტებთან, პიანისტ ელისო ვირსალაძესა და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად დაუკრა საფესტივალო ორკესტრმა დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.

ფესტივალის ფარგლებში სულ შვიდი კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი და ახალი პროექტი „საუბრები მუსიკაზე“ გაიმართა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.

ფესტივალის განმავლობაში მსმენელის წინაშე წარდგა გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები: კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

მუსიკის ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

დატოვე კომენტარი