თელავში ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა
თელავში ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა. დაშავდა დედა და ორი შვილი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახება იმ დროს მოხდა, როცა დედა ორ შვილთან ერთად გზის სავალ ნაწილს კვეთდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მძიმეა ქალისა და მისი 17 წლის ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობა და თავის ტრავმები აღენიშნებათ.

როგორც კლინიკის მიმღების ექიმმა ნინო ჩიტაძემ განაცხადა, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. ნაკლებად მძიმეა მეორე ვაჟის მდგომარეობა.

ექიმების თქმით, დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, კატასტროფის ბრიგადამ შესაძლოა, ისინი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.