თელავში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თელავში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თელავში მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სადაც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილის შვილი ნელი ქვასროლიაშვილი ამბობს, რომ ამაყობს გმირი მამით.

„დიდი ტრაგედია იყო ეს როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი ოჯახისთვის, თუმცა ამავე დროს საამაყოც, რადგან, მათ თავისი სიკვდილით საქართველოს მოუტანეს თავისუფლება“,- განაცხადა შალვა ქვასროლიაშვილის შვილმა. 

შალვა ქვასროლიაშვილი 35 წლის ასაკში პარლამენტის წინ საბჭოთა ჯარისკაცის მიერ ნიჩბით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.