თელავსა და ყვარელში მოსახლეობის ნაწილი პეტრე ცისკარიშვილსა და გიორგი ბოტკოველს სიტყვიერად დაუპირისპირდა

„შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, 3 ივლისს დაგეგმილ აქციისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას, თელავის მთავარ გამზირზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების ნაწილმა და „ქართული ოცნებიდან“ თელავის საკრებულოს წარმომადგენლებმა 3 ივლისს დაგეგმილ აქციას „პროვოკაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდეს და ასევე, ოპოზიცია ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილ კრიზისსა და პოლარიზაციაში დაადანაშაულეს.

ადგილობრივების ნაწილის გაღიზიანება ქალაქის მთავარ გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, გიორგი ბოტკოველისა და პეტრე ცისკარიშვილის გამოჩენამ გამოიწვია. ადგილობრივებმა მათ წარსული პოლიტიკური საქმიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ჩადენილი დანაშაულებები შეახსენეს.

ხმაური იყო ყვარელშიც, სადაც „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს 50-ზე მეტი ადგილობრივი პროტესტით დახვდა. ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის გიორგი ბოტკოველს ყვარლის დატოვება მოსთხოვეს. პეტრე ცისკარიშვილი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბიზნესის ტერორში დაადანაშაულეს. მათ ცისკარიშვილს 2007 წელი გაუხსენეს, როცა მათი თქმით, კომპანია „ბადაგონის“ ქარხანაში ვითომდა ფალსიფიცირებული წარმოების მიზეზით 100 ტონა ღვინო დემონსტრაციულად მედიასაშუალებების თანდასწრებით დაღვარა.

ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორებთან ქვეყნის იმიჯის შელახვას. მათივე შეფასებით, 3 ივლისს დაგეგმილი აქცია მთავრობის რევოლუციური სცენარით შეცვლის მცდელობაა.

დატოვე კომენტარი