საფეხბურთო კლუბ „თელავს“, რომელიც მცირე ხნის წინ გიორგი მიქაძემ დატოვა, ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის. ფეხბედნიერი იყოს, ბატონო გეორგიოს, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
გეორგიოს კოსტისი 1972 წლის 7 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ ტრიკალაში დაიბადა. ფეხბურთელობისას გახლდათ გერმანული „ნიურნბერგის“, ბერძნული „ირაკლისის“, „პანახაიკის“, ვოლოსის „ოლიმპიაკოსის“ და კვიპროსული კლუბების – ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, პაფოსის აელ-ის, კატოკოპიასის „დოქსის“ და არადიპუს „ომონიის“ მოთამაშე.
კარიერა 2011 წელს დაასრულა და ,ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო მწვრთნელობა კვიპროსის ცნობილ და ტიტულოვან კლუბ „აპოელ-ში“, სადაც 10 წელი გაატარა. იყო ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე და ერთხანს, მთავარი მწვრთნელიც.