„თელავმა“ „სამტრედია“ ჯინო პერუცის გოლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-8 ტური სამტრედიაში გამართული შეხვედრით დაიწყო – „სამტრედიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა. 52-ე წუთზე ანგარიში „თელავის“ შემტევმა, თორნიკე მორჩილაძემ გახსნა. ეს იყო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი – სტუმართა ფეხბურთელმა ბურთი კარში პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია.

90-ე წუთზე „სამტრედიამ“ წონასწორობა აღადგინა – ნიკო აბულაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში არტურ კარტაშიანმა ჩაჭრა. მაგრამ „თელავმა“ მაინც მოიგო – 90+8-ე წუთზე, ჯარიმის გათამაშების შემდეგ არგენტინელი მცველი ჯინო პერუცი კარის წინ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.

რვა ტურის შემდეგ „თელავმა“ ცხრა ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ (6) მე-8 პოზიციაზე დარჩა.