თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მუნიციპალიტეტის პედაგოგების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს მუქარაში ადანაშაულებენ
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მუნიციპალიტეტის პედაგოგების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს მუქარაში ადანაშაულებენ

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი და მუნიციპალიტეტის პედაგოგების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ბოტკოველსა და მის მხარდამჭერებს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა განცხადება ხელისუფლების მხრიდან საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების მიმართ ხორციელდება მუქარა.

პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების მიმართ ხორციელდება დაშინება ანონიმური ზარებით და შემოთვლებით, რის გამოც იძულებული ვართ, გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც მათ ჰქონდათ ძალაუფლება და უშუალოდ ახორციელებდნენ დაბარებას, მუქარასა და ზეწოლას. ახლა კი ამას შეფარულად განაგრძობენ“, – განაცხადეს თელავის რესურსცენტრში საგანგებო პრესკონფერენციაზე პედაგოგებმა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენეს.

„2012 სექტემბრის თვეში, მაშინდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და კახეთში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელმა კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა დაგვიბარა თათბირზე რესურსცენტრში. თათბირს ვესწრებოდით აქ მყოფი პირები და დაგვემუქრა, ვციტირებთ – „არჩევნები მაინც მოგებული გვქვს და თუ თელავში არ იქნება ის შედეგი, რაც გვინდა, მიწიდან ამოგთხრით, სისხლის გუბეებს დავაყენებთ და ხერხემალში გადაგამტვრევთო”.

ჩვენ, პედაგოგები ყოველდღიურად ვზრუნავთ მომავალი თაობისთვის და პატიოსნად ვემსახურებით ჩვენ საქმეს. არც მაშინ შეგვშინებია და ვერც ახლა მოახერხებს ვინმე ჩვენს შეშინებას, რადგან ქვეყანაში არის დემოკრატია და ყველას აქვს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება”- აცხადებენ პედაგოგები.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის და პედაგოგების ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა. ბოტკოველმა ბრალდებებს არასერიოზული და სისულელე უწოდა.

„ეს არის ძალიან არასერიოზული. ძალიან კარგად იციან თელავშიც და კახეთშიც გიორგი ბოტკოველის დამოკიდებულება პედაგოგების მიმართ. ეს არის სისულელე სუს-ის და ხელისუფლების მიერ დადგმული ერთობლივი სცენარი, რომელშიც ჩათრეული ჰყავთ ძალიან ძვირფასი ადამიანები, ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორები, პედაგოგები და ახმოვანებინებენ ადამიანს, რომელსაც ალბათ, ნამუსის ძარღვი აღარ გააჩნია, რომ ესეთ დავალებებს ასრულებს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.