თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების გაწმენდა დასრულდა [ვიდეო]

სტიქიის შედეგად დაზარალებულ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლეჩურში, ფშაველსა და ლალიყურში ჩახერგილი შიდა საუბნო გზების გაწმენდა დასრულდა.

რაც შეეხება მდინარე სტორის მიერ დანგრეულ თუშეთის მიმართულების საავტომობილო გზის მონაკვეთს, ის ხის მორებითაა გადაკეტილი. გზის მეორე მხარეს მოხვედრა მხოლოდ ტყის ბილიკითაა შესაძლებელი.

მდინარე სტორის დონე გუშინდელთან შედარებით დაიწია. რიყედ ქვეული ტერიტორია მდინარის მიერ ჩამოტანილი ხეებითაა დაფარული.

პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მაშველები სტიქიის ადგილზე მონიტორინგს აღარ ახორციელებენ.

,,ჩვენი სოფლებში ყოფნა აღარ წარმოადგენდა აუცილებლობას. ყველა საჭირო ღონისძიება გავატარეთ და ტერიტორია დავტოვეთ”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანდრია ქუჯაიძემ.