თელავის მერი უნივერსიტეტის პროფესორისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს
თელავის მერი უნივერსიტეტის პროფესორისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

თელავის უნივერსიტეტის პროფესორის ბრალდებებს მუნიციპალიტეტის მერი გამოეხმაურა. შოთა ნარეკლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თენგიზ სიმაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებასთან კავშირი არ ააქვს და სიმაშვილის ბრალდებები ცილისწამებაა.

თელავის მერი ამბობს, რომ თუ სიმაშვილი მისი მისამართით ცილისმწამებელ ვარაუდებზე ბოდიშს არ მოიხდის, სამართლებრივ დავას დაიწყებს.

„სიმაშვილის ცილისმწამებელი განცხადებების დროს მე არ ვიყავი საქართველოში. აქედან გამომდინარე, დღეს მინდა, გამოვეხმაურო იმ ბრალდებებს, რაც ჩემი მისამართით გააჟღერა, როგორც მედიით, ასევე სოციალური ქსელით. ის, რომ მე სიმაშვილთან რაიმე დაპირისპირება მქონდა, ან გოდერძიშვილი ჩემი ნათესავია, სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას. სხვა შემთხვევაში, სამართლებრივ დავას დავიწყებ“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა ბრიფინგზე.

შემთხვევა თელავში რამდენიმე დღის წინ მოხდა. თენგიზ სიმაშვილის მტკიცებით, მასზე თავდამსხმელი გოდერძიშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავია. მუქარა კი მას შემდეგ განახორციელა, რაც თელავის მერს გიგოს გორაზე რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნის ინიციატივით მიმართა. სიმაშვილის ვერსიით, მერს ტერიტორიის გასხვისება უნდა და მის მიმართ განხორციელებული თავდასხმა აღნიშნულს დაუკავშირა.

პროფესორ სიმაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.