თელავის ბაღების მართვის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი წყალია
თელავის ბაღების მართვის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი წყალია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ, სასმელი წყალია, – ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გურჯაანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დასკვნის შედეგად საკვები პროდუქტით ინტოქსიკაცია გამოირიცხა. აღნიშნულ ლაბორატორიაში ბაღის საკვები პროდუქტებიდან აღებული სინჯები შეამოწმეს.

„საკვები პროდუქტიდან ბავშვების ინტოქსიკაცია ლაბორატორიულად გამოირიცხა. ზოგადად, ბაღები ხარისხიანი პროდუქტით მარაგდება და საკვებიდან მოწამვლას გამოვრიცხავდით. ახლა ეს კვლევებითაც დადასტურდა. გამოსაკვლევი დარჩა მხოლოდ წყალი. ვფიქრობ, ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია“, – აცხადებს ხანჯალიაშვილი.

სინჯები ბაღიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმაც აიღეს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის განყოფილების უფროსმა, კობა ჩიკვაიძემ განაცხადა, ჯერ კვლევის შედეგები ცნობილი არ არის.

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის 23 აღსაზრდელი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოებში 2 აპრილს გადაიყვანეს. ისინი მეორე დღეს კლინიკიდან გაწერეს.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი დაკეტილია.