თელავის აგრარულ ბაზარში სარემონტო სამუშაოები სრულდება, გახსნამდე ობიექტს შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ
თელავის აგრარულ ბაზარში სარემონტო სამუშაოები სრულდება, გახსნამდე ობიექტს შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ

თელავის აგრარულ ბაზარში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ობიექტის გახსნა რამდენიმე დღეში, შესაბამისი შემოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

როგორც ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა განაცხადა, მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა მოსაწესრიგებელი.

„სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დაგვრჩა რამდენიმე მცირე დეტალი და ორშაბათამდე ისიც მოწესრიგდება. სურსათის ეროვნული სააგენტო შეგვამოწმებს და იმედი გვაქვს, ყველაფერი მოთხოვნების შესაბამისი იქნება“, – განაცხადა აგრარული ბაზრის დირექტორმა.

ამასთან, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი განმარტავს, რომ აგრარულ ბაზარში არსებული მდგომარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს გარდა, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურიც შეამოწმებს.

„ბაზარი არ გაიხსნება, ვიდრე არ დააკმაყოფილებს მითითებულ რეკომენდაციებს, გახსნის შემდეგაც მათ აუცილებლად მოუწევთ ყველა რეკომენდაციის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ფუნქციონირება არ იქნება მიზანშეწონილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნარეკლიშვილმა.

ბაზარში 80-ზე მეტი მოვაჭრე და ოცდაათამდე მცირე მაღაზია მუშაობდა.

თელავის აგრარული ბაზარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ის ნახევრად დახურულ სივრცეშია განთავსებული.

თელავის აგრარული ბაზრის მუშაობა 5 აპრილიდან არის შეჩერებული.