თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა
თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინისა და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში, სულ მცირე, ბოლო 3-წლიანი გამოცდილება აქვს; ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია. კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც.

ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია არქიტექტორად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება, მინიმუმ, ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტის მომზადებას.

მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს, მინიმუმ, სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს; შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე. წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.