თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავარიისას 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავარიისას 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია.

სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან ყვარელში რთველში ადამიანები გადაჰყავდა,  ცემენტის ბოგირს შეეჯახა და გადატრიალდა. მანქანაში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას სავალი ნაწილი დაუზიანდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლისა და თელავის კლინიკებში გადაიყვანა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს უფროსის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, კლინიკაში რვა ადამიანია მოთავსებული, აქედან ორ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მცირეწლოვანი ბავშვი კი თბილისის შესაბამის კლინიკაშია გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.