თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ბოლო ტესტ-მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის მე-7-ადგილოსან კიზილორდას „კაისართან“ გამართა და ფრეს დასჯერდა 1:1.
ეროვნული ლიგის გუნდისა და გუჯა ლობჯანიძის ყოფილი კლუბის, „კაისარის“ შეხევდრაში ანგარიში ყაზახებმა პირველ ტაიმში გახსნეს. მწვავე კონტრშეტევა გოლით ორკენ მეხანმა დააგვირგვინა. თუმცა, თავად „კაისარის“ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ უპირატესობას თელაველები ფლობდნენ და მეტოქეზე ბევრად მეტი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.
თელაველებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. მერე ყაზახებმა მწვავედ შეუტიეს და გიორგი ჩოჩიშვილმა გუნდი რეალური საგოლე საფრთხისგან იხსნა. თუმცა, „თელავმა“ მდგომარეობა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა. ყაზახების კარში ერთადერთი ბურთი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა – თელაველთა ახალწვეულმა საჯარიმოდან ძლიერად დასცხო და მეტოქის მეკარე უსაქმოდ დატოვა.
ამის შემდეგ „თელავმა“ ორი რეალური საგოლე შეტევა განავითარა, ერთი – ყაზახურმა გუნდმა, მაგრამ შანსებით მეტოქეებმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.
ყაზახურ კლუბთან მატჩით, საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, თურქეთში ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. „თელავი“ სეზონის პირველ მატჩს 28 თებერვალს ჩაატარებს. ეროვნული ლიგის პირველ ტურში რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები თელავის „კავკასიონი არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებენ.