„თელასი“ აბონენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
„თელასი“ აბონენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

„თელასი“ აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტავს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის პირობებს, ასევე, მომხმარებლებს ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლასთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ სს „თელასის“ ის აბონენტები, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში (მარტი, აპრილი, მაისი) არ აღემატება 200 კვტ/სთ.

„შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.

თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ამასთან, როგორც „თელასში“ აცხადებენ, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის, მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სს „თელასი“ SMS-შეტყობინების მეშვეობით ელექტრონულ ქვითრებს დააგზავნის.

„6 აპრილიდან, ქაღალდის ქვითრების ნაცვლად, მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება ასევე მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში.

აბონენტების სატელეფონო ნომრების განახლების მიზნით სს „თელასი“ მოგმართავთ თხოვნით, დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლცენტრს ნომერზე: 2 77-99-99; დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ გვერდზე: Telasi.ge; გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან მობილური ტელეფონიდან ნომერზე 90033 – 222# და აბონენტის ნომერი“, – აცხადებენ „თელასში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად სს „თელასი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.

დატოვე კომენტარი