თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ისრაელის დემოკრატიის გადარჩენისა და მძევლების ცხედრების დაბრუნების მოთხოვნით თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებს ხელში ეკავათ ბანერები, რომლებზეც იმ მძევლების სურათები იყო გამოსახული, რომელთა ცხედრებიც ჯერ კიდევ ღაზის სექტორშია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულებიანი ნიღბით იყო.

„ისრაელში დემოკრატია საკმაოდ არასტაბილურია. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც სცადა, ჩვენი დემოკრატია დიქტატურით შეეცვალა და ჩვენ აქ ვართ, რათა ამის წინააღმდეგ პროტესტი გამოვხატოთ“, – აცხადებს ერთ-ერთი დემონსტრანტი.

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, „ჰამასმა“ ისრაელს 20 ცოცხალი მძევალი გადასცა. ასევე უნდა დაებრუნებინა 28 გარდაცვლილი მძევლის ცხედარიც, თუმცა ჯერ მხოლოდ 23 დააბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ხუთი მძევლის ცხედარი ამ დრომდე ღაზის სექტორში რჩება.