თელ ავივში ღაზაში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ღაზაში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს მძევლების ოჯახების წევრებმა, ასევე გათავისუფლებულმა მძევალმა, ილანა გრიცევსკიმ.
დემონსტრანტების ნაწილი ისრაელის ხელისუფლებას მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვს.
მარტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.
ისრაელმა პალესტინურ ანკლავში საომარი მოქმედებები „ჰამასის“ მებრძოლების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. „ჰამასის“ წევრებმა თავდასხმის დროს მოკლეს 1 200-მდე ადამიანი, 251 კი მძევლად აიყვანეს. ღაზაში ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 58 მძევალი, რომელთაგან ნაწილი, სავარაუდოდ, ცოცხალი აღარ არის. ისრაელის მიერ ღაზის სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 53 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული.