ტეხასის ქალაქ სან ანტონიოში, სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ ცხედრებთან დაკავშირებით სამი ადამიანია დაკავებული
ტეხასის ქალაქ სან ანტონიოში, სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ ცხედრებთან დაკავშირებით სამი ადამიანია დაკავებული

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში, სატვირთო მანქანაში აღმოჩენილ ცხედრებთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი. ამასთან, ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის სატვირთოს მძღოლი. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ სან ანტონიოს პოლიციის უფროსმა, უილიამ მაკმანუსმა განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანში 46 ცხედარია ნაპოვნი. გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. კიდევ 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ოთხი ბავშვია.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათამდე მიიღეს. ახლომდებარე ინდუსტრიული შენობის მუშამ გაიგონა, რომ ვიღაც დახმარებას ითხოვდა. გარეთ გასულმა მან სატვირთო მანქანა აღმოაჩინა, რომლის კარი ნაწილობრივ ღია იყო.

„ეს ტრაგიკულია. 46 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებსაც ჰყავდათ ოჯახები და რომლებიც სავარაუდოდ უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ“, – განაცახდა სან ანტონიოს მერმა რონ ნირენბერგმა.

სან ანტონიოს სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩარლზ ჰუდი აცხადებს, რომ სატვირთო მანქანაში არ იყო წყალი და ჰაერის გაგრილების სისტემა.

სან ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ რაიონში ორშაბათს 39 გრადუსს აღემატებოდა.