ტეხასის გუბერნატორმა შტატში ეროვნული გვარდიის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო - „მშვიდობიანი პროტესტი არის კანონიერი, ადამიანის ან საკუთრების დაზიანება უკანონოა და გამოიწვევს დაკავებას“
ტეხასის გუბერნატორმა შტატში ეროვნული გვარდიის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო - „მშვიდობიანი პროტესტი არის კანონიერი, ადამიანის ან საკუთრების დაზიანება უკანონოა და გამოიწვევს დაკავებას“

ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი ადასტურებს ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მის შტატში ეროვნული გვარდიის ძალების განთავსების შესახებ. აღნიშნულის შესახებ გრეგ ებოტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მან ტეხასის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო დემონსტრაციების გამო მიიღო.

„ტეხასის ეროვნული გვარდია განთავსდება ლოკაციებზე შტატის ფარგლებში მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. მშვიდობიანი პროტესტი არის კანონიერი. ადამიანის ან საკუთრების დაზიანება არის უკანონო და გამოიწვევს დაკავებას. ტეხასის გვარდია გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს და სტრატეგიას, რათა დაეხმაროს სამართალდამცველებს წესრიგის შენარჩუნებაში“, – წერს ებოტი.

კალიფორნიაში პარასკევის შემდეგ გრძელდება საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის რეიდების წინააღმდეგ დემონსტრაციები და არეულობა. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული კვირის ბოლოს ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის დანაყოფების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო აშშ-ის, სულ მცირე, ათ ქალაქში, მათ შორის ტეხასის ქალაქებში, ოსტინსა და დალასში.