ტეიტუმის 33 ქულის წყალობით, „ბოსტონმა“ მაიამიში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის ფინალში „დენვერი“ ელის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს, სადაც სამი მატჩის შემდეგ „მაიამი“ „ბოსტონთან“ 3:0-ს იგებდა, თუმცა მეოთხე შეხვედრა, რომელიც მაიამიში გაიმართა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (116:99) და სერიაში სხვაობა შემცირდა – 1:3. მეხუთე თამაში 26 მაისს ბოსტონში ჩატარდება. სერია 4 მოგებამდეა.

სხვათა შორის, NBA-ის პლეი ოფში 150 შემთხვევა იყო, როდესაც ერთი გუნდი 3:0 დაწინაურდა და არ ყოფილა შემთხვევა, მეორე გუნდს სხვაობა აღმოეფხვრას და 4:3 მოეგოს. ბოსტონელები პრესკონფერენციაზე შემართებით საუბრობდნენ, თუმცა საბოლოოდ შეძლებენ თუ არა ისტორიაში შესვლას, წინასწარ რთული სათქმელია.

რაც შეეხება სერიის მეოთხე მატჩს, „ბოსტონის“ გამარჯვებაში ტეიტუმმა 33-ქულიანი წვლილი შეიტანა (11 მოხსნა, 7 პასი), ხოლო მაიამელმა ბატლერმა 29 ქულა ჩააგდო.