თეირანში, უზენაეს სასამართლოსთან ორი მოსამართლე მოკლეს
თეირანში, უზენაეს სასამართლოსთან ორი მოსამართლე მოკლეს

თეირანში, სასამართლოს შენობასთან სროლის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები – მოჰამად მოგისე და ალი რაზინი დაიღუპნენ, კიდევ ერთი მოსამართლე დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.

„მოსამართლეებზე თავდამსხმელმა დაკავებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

წინასწარი ცნობით, თავდამსხმელი არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს ვიზიტორი და სასამართლოში არანაირი საქმე არ ჰქონია.

ირანული მედიის ინფორმაციით, ალი რაზინი და მოჰამად მოგისე თავდასხმის მსხვერპლნი თავიანთ ოფისში გახდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა უზენაესი სასამართლოს მრჩეველი, რომელიც მაგიდის ქვეშ დაიმალა.

ირანის ხელისუფლება თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მოკლული მოსამართლე მოჰამა მოგისე პოლიტპატიმრების საქმეებს განიხილავდა. აშშ-სა და ევროკავშირს მის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული. მას ირანში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მეორე დაღუპული მოსამართლე ალი რაზინი 1998 წელს თავდასხმას გადაურჩა, მაშინ მის ავტომობილში ბომბი დაამონტაჟეს.

მოკლული მოსამართლეები ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ჯაშუშობასა და ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მუშაობდნენ.