თეირანში შვეიცარიის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს
თეირანში შვეიცარიის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

თეირანში შვეიცარიის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, მოიტაბა ხალედის განცხადებით, შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივნის ცხედარი სამსახურში მისულმა მებაღემ იპოვა. ხალედის თქმით, დიპლომატი, სავარაუდოდ, მაღალი სართულიდან გადმოვარდა, მომხდარის გარემოებებს კი, გამოძიება დაადგენს.

ამასთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დიპლომატი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ირანში შვეიცარიის საელჩოში 1979 წლიდან აშშ-ის ინტერესთა დაცვის სექცია არის გახსნილი.