თეირანში ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თეირანში ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა და არარატ მირზოიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, განვავითაროთ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის ყველა სფეროში. სომხეთის სატრანზიტო მარშრუტისა და გზის ექსპლუატაცია ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ განვსაზღვრეთ პროცესი, რომელიც სწრაფად ამოქმედდება ორი ქვეყნის სატრანზიტო გზებისა და მარშრუტების ასაღორძინებლად. უახლოეს კვირებში ჩვენ ვნახავთ მეტ სიცოცხლეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში“, – აღნიშნა აბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, ოფიციალური თეირანი არ დაუშვებს, რომ უცხო ძალამ გავლენა იქონიოს ირანის ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან. საპასუხოდ, არარატ მირზოიანის განცხადებით, მათ უნდა ჰქონდეთ მოლაპარაკებები და დისკუსიები აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ჩართულობით და ოფიციალური ერევანი ხაზგასმით ამბობს, რომ საჭიროა რეგიონში საკომუნიკაციო მარშრუტების გახსნა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არარატ მირზოიანი დღეს, 4 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ირანში მიემგზავრებოდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან. ზემოხსენებულის პარალელურად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. სიმონიანი ადგილზე შეხვდება სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს. სიმოანიანი აგრეთვე ეწვევა რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ აკადემიას და შეხვდება სომხური თემის წარმომადგენლებს.