თეირანში „აქციის წახალისების“ მოტივით, ირანში დიდი ბრიტანეთის დესპანი რამდენიმე საათით დააკავეს
თეირანში „აქციის წახალისების“ მოტივით, ირანში დიდი ბრიტანეთის დესპანი რამდენიმე საათით დააკავეს

თეირანში გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის დესპანი რობ მაქეირი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დესპანი „აქციის მონაწილეების წახალისების“​ ბრალდებით დააკავეს.

„ალ არაბიას“ ცნობით, მაქეირი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დესპანის დაკავება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა.

ამასთან, გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ, ბრიტანეთმა ირანში საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირა.

ირანული მედიის ცნობით, თეირანში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს. ამასთან, ირანული მედიის ინფორმაცით, აქცია პოლიციამ დაშალა.