თეირანის პოლიციის უფროსმა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვალებას „სამწუხარო ინციდენტი“ უწოდა
თეირანის პოლიციის უფროსმა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვალებას „სამწუხარო ინციდენტი“ უწოდა

თეირანის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ დაკავებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალება იყო „სამწუხარო ინციდენტი“, რომლის გამეორება მისი თქმით, არ სურს.

22 წლის მაჰსა ამინი გასულ კვირას კომაში ჩავარდა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებიდან რამდენიმე საათში. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები სამართალდამცველებს ქალის ცემაში ადანაშაულებენ. ირანის დედაქალაქის პოლიციის უფრო ჰოსეინ რაჰიმი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. მან გარდაცვლილის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ქალის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც ის დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ამინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის აცხადებს, რომ მის შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

ირანის ქურთისტანის პროვინციის მკვიდრის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას ირანის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.