თეირანიდან თბილისში ცარიელი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა
თეირანიდან თბილისში ცარიელი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა

ირანიდან საქართველოში საჰაერო გზით მგზავრების გადმოყვანის შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელმაც ირანის მოქალაქე ტურისტები თეირანში წაიყვანა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ირანელი ტურისტების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე პირდაპირი რეისი შესრულდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ ირანიდან დასაბრუნებლად სხვა ავიაკომპანიებით სარგებლობა შეუძლიათ.

„ავიაკომპანიამ შეასრულა თეირანი-თბილისის რეისი ცარიელმა, ჩამოვიდა ტურისტების უკან წასაყვანად, მხოლოდ და მხოლოდ იმ დანიშნულებით, რომ მოახდინოს მათი უკან გადაყვანა. ამ რეისზე დაახლოებით 130-მდე მგზავრი იყო. რეალურად აღნიშნული ავიაკომპანია დაფრინავდა ყოველდღე. ჩამოყვანილია ტურისტების გარკვეული რაოდენობა. ავიაკომპანია კიდევ რამდენიმე რეისს დანიშნავს ამ ტურისტების უკან გასაყვანად. აბსოლუტურად იმავე დანიშნულებით. არც ერთი ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში ჯერჯერობით, სანამ არ იქნება სხვა მითითებები. მხოლოდ გაყვანის მიზნით. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, სხვა რეისები გამოიყენოს საქართველოში ჩამოსასვლელად. უბრალოდ ამ ავიაკომპანიაზე ამ წუთას მოგვივიდა შეზღუდვა. ერთადერთი ავიაკომპანია იყო, რომელიც დაფრინავდა თეირანში და ამ ავიაკომპანიამაც დროებით შეზღუდა მგზავრების ჩამოყვანა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ისინი საზღვარზე გადიოდნენ შემოწმებას, იქ იყვნენ სხვადასხვა ინსტანციიდან ადამიანები, რომლებიც იყვნენ უფლებამოსილები მათ შემოწმებაზე. თბილისში ჩამოსვლისასაც მათ გაიარეს შემოწმება. ავიაკომპანია მუშაობს, რომ ყველა ტურისტი გაიყვანოს ქვეყნიდან და ამ კვირაში სავარაუდოდ შესრულდება კიდევ ერთი რეისი. ეს პირველი რეისია, რომელიც უმგზავროდ ჩამოვიდა საქართველოში. რეისები ჯერჯერობით შესრულდება მხოლოდ იმ დანიშნულებით, რომ ტურისტები გაიყვანოს საქართველოდან. როდემდე იქნება ეს რეისები შეჩერებული, ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ავიაკომპანია „ქეშმის“ წარმომადგენელმა, ლევან მაწიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.