თეიმურაზ მურღულია - მანდატურს მოსწავლის მეტალოდეტექტორით მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება შეეძლება
თუ აქამდე მანდატურს შეეძლო, პირადი დათვალიერება ჩაეტარებინა, რაც პრაქტიკულად, ჩხრეკის ეკვივალენტი იყო, დღეს მას მეტალოდეტექტორით მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება შეეძლება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შესაძლოა, ვინმემ თქვას, მანდატურს მუშაობა რატომ გავურთულეთ, მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური კომფორტი, რომელიც აუცილებელია, მოსწავლეს ჰქონდეს. ასე რომ, პრინციპულად არ ვიზიარებ აზრს, თითქოს, მოსწავლე შევზღუდეთ, ან მისი პირობები რამე ფორმით გავართულეთ. აქვე ვიტყვი, რომ როცა მანდატურს გარკვეული ქმედება შევუზღუდეთ, მას მეტი ინსტრუმენტი მივეცით და ეს საკითხი ამით დავაბალანსეთ“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, რეფორმის მთავარი მიმართულება მშობლებთან, პედაგოგებთან მუშაობაზე გადის და მანდატურების მომზადება ისეთ ელემენტებს მოიცავს, რასაც აქამდე არ მოიცავდა.
„მანდატურს უფრო კარგად უნდა ესმოდეს რიგი საკითხები, რაც აქამდე მის პროფესიულ სფეროში არ შედიოდა. ის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება, რადგან განათლების მოთხოვნებმა მნიშვნელოვნად აიწია. მანდატური იმუშავებს მშობელთან, მასწავლებელთან, თვითმმართველობასთან და სკოლის გარეთ – პატრულთან“, – განაცხადა მურღულიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ შეარჩევს და დანიშნავს მანდატურს, თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ დღემდე მას სკოლა და მანდატურის სამსახური ერთობლივად ნიშნავდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ მნიშვნელოვანია, მანდატური თავად მანდატურის სამსახურის მიერ დაინიშნოს, რადგან ამით ის სკოლასთან და სკოლის დირექტორთან იმ შესაძლო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, რომელიც შესაძლოა, დანიშვნის პროცესის გამო შექმნოდა.
„მანდატურს ამ მიმართულებით მეტი თავისუფლება ექნება. ამასთან, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს აბსოლუტური უფლება რჩება, მანდატურის როტაციის საკითხი დააყენოს“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.