თეიმურაზ კუპატაძე - ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები, არც ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე იქითა მხრიდან არ ამოსულა
თეიმურაზ კუპატაძე - ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები, არც ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე იქითა მხრიდან არ ამოსულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯში დღეს დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ პერიმეტრის მონიტორინგს.

„დილიდან შეხვედრა გვქონდა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო. ასევე, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არც ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე არ ამოსულა იქითა მხრიდან, არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ინციდენტს, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ იყო მცირე ინციდენტი, რადგან იქ შეკრებილ ადამიანებს ტერიტორია დაკეტილი ეგონათ, თუმცა როდესაც დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის, უკან დაბრუნდება გადაწყვიტეს.

„ეგონათ, რომ ეს ადგილები დაკეტილი იყო და არ ექნებოდათ გადაადგილების უფლება, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ეს არ ხდება, დამშვიდდნენ, მოილოცეს და ბრუნდებიან უკან“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.