„თეგეტა მოტორსის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის, „გეზის“ ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობას იწყებს

11:19, 16.07.2026

„თეგეტა მოტორსის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის, „გეზის“ ფილიალი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა ფილიალის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინეს.

„თეგეტა მოტორსის“ რეგიონულ ჰაბში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და ბიზნესსექტორის წევრები.

ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსი თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზე მდებარე 42 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. „თეგეტას“ ინფორმაციით, მრავალფუნქციური სერვისცენტრი დღეს რეგიონში კომერციული ტრანსპორტის მომსახურების უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, „გეზის“ ფილიალი გამორჩეულია თავისი მასშტაბებით და უნიკალური კონცეფციით. იგი პირველია რეგიონში, რომელმაც სატვირთო და კომერციულ ავტოტრანსპორტს ორგანიზებულ და კომფორტულ გარემოში სერვისის სრული სპექტრი შესთავაზა. სერვისცენტრი მულტიბრენდულია და მზადაა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკის მისაღებად.

„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, ფილიალის კიდევ ერთი უპირატესობა მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობაა. ცენტრი განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს ტრანზიტული ნაკადი სწორედ ამ ფილიალში იყრის თავს და იქმნება სერვისის მძლავრი რეგიონული ჰაბი.

მსგავსი