ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა თეორია ღიად რჩება
ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა თეორია ღიად რჩება

კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა თეორია ღიად რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ორი კვირით ჩინეთში იმყოფებოდა, თქვა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია ნაკლებად სავარაუდოა.

„როგორც იცით, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც ვირუსის წარმოშობას და გავრცელებას იძიებს, ჩინეთში მუშაობა დაასრულა. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ამ ადამიანებს გაწეული სამსახურისთვის. ეს იყო ძალიან რთულ პირობებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაო. ექსპერტთა ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. წამოიჭრა რამდენიმე შეკითხვა, რამდენიმე თეორიაზე თითქოს ითქვა, რომ ისინი აღარ განიხილება. მინდა განვმარტო, რომ ყველა თეორია ღიაა და ითხოვს შესწავლას“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა. ისინი ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, სადაც „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ექსპერტებმა ჩინეთში მუშაობა უკვე დაასრულეს. მედიისთვის გამართულ პირველ კონფერენციაზე კი განაცხადეს, რომ სიახლეები არის თუმცა, პანდემიის შესახებ არსებული სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.