თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე პოლიციას ძალადობრივ ქმედებაში ადანაშაულებს
თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე პოლიციას ძალადობრივ ქმედებაში ადანაშაულებს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა აკაკი ხუსკივაძემ სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მას დაკავების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აკაკი ხუსკივაძის თქმით, მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები.

ამასთან, აკაკი ხუსკივაძე აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა მისი ოჯახის წევრების მიმართ.

„უამრავი შეურაცხყოფა იყო პოლიციელის მხრიდან. შეცვივდნენ ჩემთან ოჯახში, ჩემს შვილებს წაართვეს ლეპტოპი, კომპიუტერები, ტელეფონები. გულით ავადმყოფ დედაჩემს ხელი ჰკრეს. მე ეს გავიგე, იქ არ ვიყავი და არ ვესწრებოდი. ეს იყო ძალადობრივი ქმედება. აჭიანურებდნენ მანქანის ჩხრეკის პროცესს“, – განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, დევს მხოლოდ ირიბი მტკიცებულება.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებულ იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.