ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს პატიმრობა შეეფარდათ
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკამაყოფილა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბრალდებულებმა სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართეს.

„ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, რომელთან ერთადაც მხარ და მხარ მოვდიოდი. ჩემი აქედან გასვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მინდა, ქვრივს დავუდგე გვერდში და დავასაფლავებინო ჩემი ბავშვობის მეგობარი. თედოს ჩემზე უფრო ახლობელი ადამიანი არავინ ყავს“, – განაცხადა აკაკი კობალაძემ.

აკაკი ხუსკივაძის თქმით, მისი პატიმრობა უკანონო იყო და მოსამართლეს მოუწოდა, ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო.

„მე დღეს ჩამბარდა დაკავების აქტი. რამდენად კანონიერი იყო ჩემი ორი დღის განმავლობაში პატიმრობა? ეს ორი დღე იყო სრულად უკანონო. ახლა თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. თეთრი ძაფით შეკერილ საქმეზე მიიღეთ ობიექტური გადაწყბეტილება. პოლიციაში ჩვენი ფეხით მივედით და ამას პოლიციელებიც დაადასტურებენ. წლების განმავლობაში ვიყავი საოლქოს თავმჯდომარე, ასევე სკოლის დირექტორი, ჩემზე მისხალიც კი არ არსებობს არასწორად გადადგმული ნაბიჯის. ეს შეთითხნილია და ვიღაცის პოლიტიკური თამაშებია“, – განცხადა აკაკი ხუსკივაძემ.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებულ იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.