თედო აბჟანდაძისა და მიხეილ ალანიას პირველი კომენტარები ფიჯის ნაკრებთან მოგების შემდეგ [ვიდეო]

ფიჯის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თედო აბჟანდაძემ და მიხეილ ალანიამ შეხვედრა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურად შეაფასეს და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს.

როგორც თედო აბჟანდაძემ აღნიშნა, პირველ და მეორე ნახევარში გუნდმა ორი სხვადასხვა თამაში ითამაშა.

„პირველ ნახევარში თამაში არ გამოგვივიდა, თითქმის არაფერი გამოგვდიოდა, სულ ჩვენს ნახევარზე იყვნენ და ამან განაპირობა ის, რომ პირველ ტაიმში დავმარცხდით. მეორე ნახევარში, როცა შევბრუნდით მოედანზე, უკვე საკუთარი თავების გვჯეროდა, ასმაგად მოტივირებულები ვიყავით და ზუსტად ვიცოდით, რომ ამ თამაშში გამარჯვებულები უნდა ვყოფილიყავით. ყველაფერმა ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება და ვფიქრობ, ამის დამსახურებაა, რომ 80 წუთის განმავლობაში ვიბრძოდით და 80 წუთის განმავლობაში ჩვენს თავებში გვჯეროდა, რომ შეგვეძლო ამ თამაშში გამარჯვების მოპოვება“, – აღნიშნა თედო აბჟანდაძემ.

მიხეილ ალანიამ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, ეს გამარჯვება მივუძღვენით ჩვენს ქვეყანას. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, ვინც ჩამოვიდა და ამხელა გზა გამოიარა. ისინი 80 წუთი ჩვენ გვერდით იდგნენ. ჩემი აზრით, მათი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ მოვიგეთ. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოდან ვინც გვგულშემატკივრობდა და ბოლომდე გვერდით გვედგა“, – განაცხადა მიხეილ ალანიამ.

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯის ნაკრები ანგარიშით 12:8 დაამარცხეს.

დატოვე კომენტარი