თებერვალში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და 199 ლარს შეადგენს
თებერვალში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და 199 ლარს შეადგენს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 197.0 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი 199.0 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვართან შედარებით, თებერვალში 1.8 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.2 ლარს შეადგენს. 3 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 333.8 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით თებერვალში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 176.2 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.0 ლარით, სამსულიანი – 317.2 ლარით, ოთხსულიანი – 352.5 ლარი, ხუთსულიანი – 396.5 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 468.8 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

დატოვე კომენტარი