თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის ისტორიული ტრადიცია, „გრიმის ცხების“ რიტუალი გაიმართა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ტრადიცია – „გრიმის ცხების“ რიტუალი გაიმართა.
ახალგაზრდა სტუდენტები სიმბოლურად ეზიარნენ სასცენო ცხოვრებას და საზეიმო ვითარებაში დადეს მსახიობის ფიცი.
მრავალწლიანი ტრადიციის თანახმად, მომავალ კოლეგებს პროფესიული გზა ქართული თეატრისა და კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლებმა დაულოცეს. წლევანდელ ცერემონიაზე, სტუდენტებს პირველი სასცენო გრიმი ცნობილმა მსახიობებმა: ნინელი ჭანკვეტაძემ, დავით კვირცხალიამ, ნანა შონიამ და კახა ჭოლაძემ სცხეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში „გრიმის ცხება“, იგივე თეატრალური ნათლობა, სათეატრო სივრცეში თაობათა შორის უწყვეტი კავშირის, გამოცდილების გადაბარებისა და სცენისადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აღიარებული პროფესიონალების ხელით გრიმის მიღება იმ რთული და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისს განასახიერებს, რასაც თეატრისა და მაყურებლის სამსახურში ყოფნა ჰქვია.
ცერემონია კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, „გრიმის ცხების“ ცერემონია, ტრადიციულად, „რედიქს ჯგუფის“ მხარდაჭერით ჩატარდა.