კულტურის სამინისტროსა და „თეატრალურ საზოგადოებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
კულტურის სამინისტროსა და „თეატრალურ საზოგადოებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

თეატრის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და „თეატრალურ საზოგადოებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრმა თეა წულუკიანმა და შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა მოაწერეს ხელი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სხვადასხვა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები, დირექტორები, თეატრმცოდნეები, მსახიობები და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „თეატრალური საზოგადოება“ ერთობლივად განსაზღვრავენ თეატრის სფეროში განსახორციელებელი რეფორმის ძირითად პრინციპებს; იმუშავებენ კულტურის კოდექსის პროექტში შესატანი თეატრის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების მიმართულებით, ასევე, თეატრების განვითარების პროგრამების შექმნის, ადამიანური რესურსის გაძლიერებისა და იმგვარი მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და უზრუნველყოფს როგორც თეატრზე წვდომას, ასევე, თეატრების ფინანსურ და შემოქმედებით მდგრადობას.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს სამინისტროს გამგებლობის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შერჩევის პროცესში სამინისტროსათვის კონსულტაციების გაწევასაც. გარდა ამისა, დაგეგმილია დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების/კონკურსების განხორციელება.