თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა
თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს გამგებლობის ფარგლებში მოქმედ ორგანიზაციებში ვიზიტებს აგრძელებს. ამჯერად, სამუშაო შეხვედრა სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თეატრის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო გეგმებსა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე თეატრის გახსნის შესაძლებლობაზე იმსჯელა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალი მოდელის თეატრი უნდა გახდეს, სადაც არა მხოლოდ ამ თეატრის დასს, არამედ სამინისტროს სხვა ორგანიზაციებსა და კერძო სფეროში მოქმედ ხელოვანებსაც მიეცემათ საშუალება საკუთარი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას.

შეხვედრაზე თეატრის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებზეც შედგა საუბარი და გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში თეატრის ხელმძღვანელობა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე საკუთარ ხედვას წარუდგენს მინისტრს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.