თეა წულუკიანმა უნგრეთის ელჩთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
თეა წულუკიანმა უნგრეთის ელჩთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილე კახა სიხარულიძემ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრა გამართეს.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

უწყების ცნობით, თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში კულტურის მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც აქტიურად ითანამშრობლებს უნგრეთის საელჩოსთან. შეხვედრაზე განიხილეს უნგრელი ფერმწერის და გრაფიკოსის, მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის შექმნის შესაძლებლობა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მიხაი ზიჩის მარშრუტის შექმნის საკითხი. ასევე ელჩის მხრიდან გამოითქვა უნგრეთისა და საქართველოს მიერ მიხაი ზიჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის კოპროდუქციის წინადადება. ვიქტორია ჰორვატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო ფილმის თანადაფინანსების მზაობას გამოხატავს, რის საპასუხოდაც მინისტრი დაპირდა ელჩს, რომ მოცემულ საკითხზე ქართული მხარის პოზიციას მოგვიანებით შეატყობინებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სპორტს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მასობრივი სპორტის დანერგვაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რის საპასუხოდაც ვიქტორია ხორვატმა მინისტრს უნგრეთში მასობრივი სპორტის დანერგვისა და განვითარების ხელშემწყობის ღონისძიებების შესახებ გაუზიარა გამოცდილება.