თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო 
თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა.

მისი თქმით, სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისთვის შეიქმნა ახალი ჟესტები 400 ტერმინისთვის, გადამზადდა თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი 750 თანამშრომელი და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც იუსტიციის სახლებში შშმ პირების მომსახურების სტანდარტს ნერგავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში მუნხტუია ალთანგერელი.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ქცევის წესებს განსაზღვრავს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხს.

სახელმძღვანელო შშმ პირთა საჭიროებების კვლევისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მომზადდა. მასზე მუშაობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც შშმ პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა − სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტში და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.

პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება ჟესტურ ენაზე 200-მდე მომხმარებელმა მიიღო.