თეა წულუკიანმა მაღალმთიან აჭარაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
თეა წულუკიანმა მაღალმთიან აჭარაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მაღალმთიან აჭარაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

69-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ხულოში გაიხსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში.

იუსტიციის მინისტრმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურა დასრულდა და იგი თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობებმა – საზოგადოებრივმა ცენტრებმა ჩაანაცვლა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მუნიციპალიტეტის 77 სოფლის 23 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტი, სკაიპის ოთახი და საბანკო მომსახურება, სადაც პენსიონერები ადგილზე მიიღებენ პენსიას.

„მაღალი ტურისტული პოტენციალის გამო მაღალმთიან აჭარაში დაბა ხულოს ვიზიტორები აქტიურად სტუმრობენ. ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ. პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების სრულად აღმოფხვრა. ​საზოგადოებრივ ცენტრში სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მიმდინარე წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.

საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართა.