თეა წულუკიანმა ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა
თეა წულუკიანმა ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა

დღეიდან იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა.

იუსტიციის სახლის მშენებლობა ბოლნისში ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ინიციატივით, 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ეს ფილიალი ქვემო ქართლის რეგიონში მესამე იუსტიციის სახლია. ქალაქებში − რუსთავსა და მარნეულში − უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო. ცერემონიას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბოლნისის მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ.

ბოლნისში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით განხორციელდა. ფილიალის საერთო ფართი 1 300 კვადრატული მეტრია. იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდა. ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. ამიერიდან კი, ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

იუსტიციის სახლის 15 ფილიალის (ბათუმი, მარნეული, სენაკი, მარტვილი, ფოთი, ზუგდიდი, ბორჯომი, ახალქალაქი, თელავი, თიანეთი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ონი, ხონი, თბილისი) და 16 საზოგადოებრივი ცენტრის შემდეგ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები ბოლნისის იუსტიციის სახლშიც იქნება ხელმისაწვდომი. ბოლნისის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებიც.

ბოლნისში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს. სპეციალურად სადღესასწაულო-საახალწლო ელემენტებით გაფორმებულ პერიმეტრზე ბავშვებს შეეძლოთ ცხელი შოკოლადის, ბამბის ნაყინის დაგემოვნება, სახის მოხატვა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა. გახსნის დასასრულ, იუსტიციის სახლის ნაგებობებზე რამდენიმეწუთიანი შთამბეჭდავი 3D ლაზერული შოუ მოეწყო. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფდა ბენდი „NEW ONE“. ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალის საზეიმო გახსნის საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე 24 ქალაქში უზრუნველყოფს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.