თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა #1TVSPORT
თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

მინისტრმა სტუმრებისგან სპორტის ამ სახეობაში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი დაფინანსების გზები გამოინახოს და საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრება უმტკივნეულოდ მოხდეს. მინისტრის განცხადებით, შშმ პირების სპორტში ჩართულობა და წარმატებით ასპარეზობა ორმაგად რთულია და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად ეს ადამიანები სახელმწიფოსგან და გულშემატკივრისგან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას იმსახურებენ.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ამპუტანტ ფეხბურთელთა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გამართული ხუთი მატჩიდან ორის მოგება მოახერხა და გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა. ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას ეთამაშა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე – 3:1 დაამარცხა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პოლონეთში 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული კი, თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.

დატოვე კომენტარი