თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ორ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ორ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ ორ თეატრში ცხადდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც აღინიშნა, ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა.

თეა წულუკიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

მინისტრის განმარტებით, კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას, თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას, ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.

როგორც აღინიშნა, თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება. დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს სამ კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსთვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატურის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი. საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected], ელექტრონული ფორმით. ინფორმაცია კონკურსის ვადებსა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ აქ: https://cutt.ly/EYOmnVc .

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გაუვიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8, 22 და 30 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა 13 თეატრში.

ამასთან, 12 იანვარს კონკურსის შედეგად ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი დაინიშნენ. აღნიშნული პირები თეატრის ხელმძღვანელის პოზიციას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოთხი წლის ვადით დაიკავებენ. ინფორმაციისთვის, კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები. მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა, ხოლო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნენ“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი