თეა წულუკიანი - ზოგიერთი ახალშექმნილი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს კანონით და სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით, ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ეს სირცხვილია
თეა წულუკიანი - ზოგიერთი ახალშექმნილი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს კანონით და სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით, ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ეს სირცხვილია

ე.წ. ტრადიციულ კონფესიებს არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა.

„თუ სწორად მოვინიშნე, საუბარია, ხომ არ არის დისკრიმინაციული, ანუ შეუსაბამო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე სხვები წარმოადგენენ, სახელებს არ ვიტყვი, წარმოადგენენ აქ, ის კონფესიებია, რომლებიც არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას, ჩვენსას და კონფესიებს, აღმსარებლებს, არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და თქვენც იცით, რეალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარში. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და რაკი მე მეკითხებით, მე გპასუხობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ზოგადად საქართველოს კანონმდებლობაში არის სხვადასხვა პრობლემა.

„მაგალითად, ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ ისარგებლა კანონით. კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური დემარშისთვის, თქვენ იცით ალბათ, რომ მან დაირქვა გირჩი და დღეს მას ჰქვია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ეს მისი სურვილი იყო და მე არ მქონდა უფლება, როგორც იუსტიციის სამინსიტროს სისტემას, ამაზე მეთქვა, ნუ აკეთებ ამას. ეს არ შეიძლება. რეალურად კანონი ამას უშვებს. ეს რამდენად მოსწონთ მის შთამომავლებს, მე არ ვიცი, მაგრამ კანონი უშვებს ასეთ აბსურდებსაც და დღეს ადამიანს ჰქვია, რაც ჰქვია. ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოლაპარაკებების დროს 2014 წელს მოგვიწია, შევთანხმებულიყავით ბრიუსელთან, რომ მხოლოდ ერთხელ იქნებოდა სრულწლოვანების დროს სახელის შეცვლა შესაძლებელი. შესაბამისად, ბატონი ზურა დღეს ვეღარ აბრუნებს სტატუს კვოს. ასეთი კანონი, ვფიქრობ, მეტისმეტად ლიბერალურია და ევროპულ ქვეყნებში არის. აქამდე ალბათ არ უნდა მივიდეთ, მაგრამ შედარებისთვის გაძლევთ, არის ნუსხა, სახელების რეესტრი, რომელიც ასეულობით სახელს მოიცავს და იქიდან შეგიძლია აირჩიო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.