თეა წულუკიანი - ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი
თეა წულუკიანი - ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი

ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საქმე ეხება ბავშვთა მკვლელობას და მსგავსი საქმეების გამოძიება ქუჩაში არ ხდება.

„ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ – მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ამას არ ვიტყოდი, ასე რომ არ იყოს. შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ“ – ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალო მკვლელობის საქმე არ არის. ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა, ამიტომ ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, რადგან ჩვენ, დაზარალებული და სახელმწიფო ერთი ინტერესის მსახურში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით, პროკურატურამ 100-მდე მოწმე დაკითხა და აქედან გამოძიებასთან მხოლოდ ოთხი თანამშრომლობს. ასეთ შემთხვევაში, სასწაულის მოხდენის მოლოდინი ვერ იარსებებს.

„როდესაც პროკურატურამ 100-მდე მოწმე დაკითხა და აქედან გამოძიებასთან მხოლოდ ოთხი თანამშრომლობს, რა თქმა უნდა, მოლოდინი ვერ გვექნება იმისა, რომ პროკურატურა და მათ შორის მთავარი პროკურორი სასწაულებს მოახდენს. რა თქმა უნდა, ირაკლი შოთაძეს შეუძლია ამ 100-მდე მოწმეს ხელი მოხვიოს და ყველა ციხეში გაამწესოს და აიძულონ ისინი, რომ რამე თქვან. ამაზე პასუხი ალბათ მარტივია, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ, დაზარალებულებმა, საზოგადოებამ, პროკურატურამ და საზოგადოების ფართო სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გამოძიებასთან მოწმეებმა ითანამშრომლონ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისი თქმით, როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, მკვლელობა დღისით, ათეულობით ადამიანის თვალწინ არის ჩადენილი და მხოლოდ ოთხი მოწმე საუბრობს იმაზე, რა მოხდა. ამასთან, პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა და მას გაასაჩივრებს.     

წულუკიანის განმარტებით, წინ ძალიან ბევრი სამუშაოა, რომ სააპელაციო დონეზე გამოძიებას ახალი არგუმენტები მიეცეს. გამოძიებას კი, შეუძლია სასამართლოში მხოლოდ ის არგუმენტები გამოიყენოს, რასაც მოწმეები მისცემენ. აქედან გამომდინარე, მინისტრის შეფასებით, მოწმეებთან მუშაობაა საჭირო.

„შესაბამისად, მოწმეებთან მუშაობა კიდევ ერთხელ საჭიროა და ამაში სწორედ ზაზა სარალიძეს შეუძლია ფასდაუდებელი როლი ითამაშოს. მესმის, ეს მძიმეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ საერთაშორისო ექსპერტიზა შვეიცარიაშიც ჩატარდეს.

„იმისთვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს, ყველას დახმარებაა საჭირო და არა ერთმანეთთან დაპირისპირება. ნებისმიერი გაიგივება ამ საქმის წარსულის სხვა საქმეებთან, დაუშვებელია, რადგან ადრე სახელმწიფო და სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ დანაშაულს და ძალადობდნენ ხალხზე, მათ შორის, ბავშვებზე. აქ კი, საქმე გვაქვს მკვლელობასთან, რომელიც ბავშვთა შორისაა ჩადენილი. ამიტომაც გამომძიებელი, რომელიც სახელმწიფოა, მას სჭირდება დახმარება ბავშვების, მშობლების, მოწმეების და ყველასი ერთად, რათა ჭეშმარიტება დავადგინოთ. ჭეშმარიტება, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდება, არც დასჯილს და არ დანაშაულის სავარაუდო ავტორს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.