თეა წულუკიანი - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იყო ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა
თეა წულუკიანი - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იყო ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს და სხვა ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის ინიციატორები, ასევე მედიატორები იყვნენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები, ასევე ჩვენი ევროპელი და სტრატეგიული პარტნიორების რჩევებიც ყოველთვის ამ მიმართულებით იყო, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო. დიდი იმედი მაქვს, ეს და სხვა ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ამ ქვეყანაში არის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება დეოკუპაციის მიზნებისთვის, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ უბრალოდ სხვა არც მიზანი გვაქვს და არც გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამთლიანების პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ვინც ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური დაძაბულობა და ოჯახებში უმძიმესი მდგომარეობა, ძალიან ცდება.

„თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური, მაღალი ხარისხის დაძაბულობა, თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის ოჯახებში უმძიმესი მდგომარეობა, და რომ საოკუპაციო ხაზი გადის ჩვენი ეროვნული უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის, სამომავლო დეოკუპაციის მიზნებზე, ვინც ამას ვერ ხედავს, ვფიქრობ, ძალიან ცდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.