თეა წულუკიანი - ყველას მოვუწოდებ, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე იმ პროფესიონალ ექიმებს მოვუსმინოთ, რომელთა კონსილიუმიც გუშინ შედგა
თეა წულუკიანი - ყველას მოვუწოდებ, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობაზე იმ პროფესიონალ ექიმებს მოვუსმინოთ, რომელთა კონსილიუმიც გუშინ შედგა

არ მინდა, იუსტიციის მინისტრს სამედიცინო თემებზე ვინმემ უსმინოს უფრო სერიოზულად, ვიდრე ექიმებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი ყველას მოუწოდებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის თემაზე ექიმებს მოუსმინონ.

„ყველას მოვუწოდებ, გუშინ, როდესაც შედგა „მედიქლაბში“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ექიმების კონსილიუმი, მათ აზრს მოვუსმინოთ ყველამ. მათი აზრი არის შემდეგი, რომ იმის საპირისპიროდ, რასაც აცხადებენ ადვოკატები, სახეზე არ არის დამბლური პროცესები და დამბლა, რომ სიმსივნური პროცესები გამორიცხულია. ასევე, ექიმების აზრით, გამორიცხულია ინტოქსიკაცია ან მოწამვლა. მაგრამ ჩვენ მაინც მათ ვთხოვეთ, რომ საზღვარგარეთ გადაგზავნილიყო სისხლის ნიმუშები, რათა ასევე გამოირიცხოს მოწამვლის თეორია, რომელიც ადვოკატებს აქვთ. შესაბამისად, მინდა პირველ რიგში მშობლებს, ოჯახს მივულოცო, რომ მსჯავრდებული არის იმ სიმპტომების ნაწილში, რაც მას აწუხებს. ეს არის სუნთქვითი პრობლემა, ქუთუთოს ანთება და სხვა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა უმჯობესდება და ის გამოჯანმრთელების გზაზეა.

„მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ და რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპი დარჩება იგივე – პატიმარს როგორც კი გაუჩნდება რაიმე პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასჯელაღსრულების საავადმყოფოში ან სამოქალაქო კლინიკაში გადავიყვანოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს დასჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

გუშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მკურნალმა ექიმმა ელენე ხურციძემ განაცხადა, რომ მისი ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.

„კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. მისი კლინიკაში დატოვების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ექიმმა.

ვანო მერაბიშვილი დღეს კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.